ადმინისტრაცია
სამეცნიერო საბჭო
როგორ მოხვიდეთ
მოკლე ისტორია
ელეფთერ ანდრონიკაშვილი
იურიდიული ცნობარი
"ღია მეცნიერება"
სიახლე
ფოტო ალბომი
საგრანტო პროექტები
პუბლიკაციები
საერთაშორისო
საგანმანათლებლო
საქართველო
თბილისი
მეც. აკადემია
განათლ. და მეცნ.      სამინისტრო
თსუ
სხვა

          


ელეფთერ ანდრონიკაშვილი

ბიოგრაფია


ელეფთერ ანდრონიკაშვილი საქართველოში თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან ჩამოაყალიბა ექსპერიმენტული ფიზიკის ქართული სკოლა, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

ელეფთერ ანდრონიკაშვილი დაიბადა 1910 წლის 25 დეკემბერს ქ. სანკტ პეტერბურგში, გამოჩენილი იურისტის ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილის ოჯახში. 1920 წელს მისი ოჯახი მოსკოვში გადავიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ანდრონიკაშვილების ოჯახი თბილისში დასახლდა. აქ ელეფთერი ძმასთან, ირაკლისთან ერთად რუსულ სკოლაში სწავლობდა. ბავშვები იზრდებოდნენ ინტელექტუალური და ემოციური დაძაბულობის ატმოსფეროში. პოლიტიკა, ლიტერატურა, ხელოვნება - ასეთი იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორის ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ოჯახის სულიერი ინტერესების წრე. ამ პერიოდში ანდრონიკაშვილების ოჯახი ზაფხულს ატარებდა კახეთში, მშობლიურ სოფელ ოჟიოში, რომლის სიყვარული ელეფთერმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, მისი თქმით, კახეთი წარმოადგენდა იმ მასშტაბს, რომლითაც ის ზომავდა ჩვენი და უცხო მხარეების სილამაზეს.

1935 წელს ძმები საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდნენ. 1928 წელს ელეფთერ ანდრონიკაშვილი შედის პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკა-მექანიკის ფაკულტეტზე, სადაც მას ასწავლიდნენ ცნობილი მეცნიერები, შემდგომ მისი მეგობრები: ი.ფრენკელი, ლ.ლოიციანსკი, მ.ბრონშტეინი, ლ.ლანდაუ. პრაქტიკას გადიოდა ფიზიკა-ტექნიკის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიებში, რომლებსაც ხელმძღვანელობდნენ მეცნიერები: ა.იოფე (ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დამაარსებელი), გ.კურდიუმოვი, ვ.ფრედერიკსი.

ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორს აბრამ იოფეს მიაჩნდა, რომ საჭირო იყო საბჭოთა კავშირში ახალი სამეცნიერო ცენტრების შექმნა და განმტკიცება. მისი ინსტიტუტის ბაზაზე განუწყვეტლივ იქმნებოდა ახალი ინსტიტუტები. მათ შორის რამდენიმე ინსტიტუტი ანდრონიკაშვილის სტუდენტ-პტაქტიკანტად ყოფნისას გამოეყო. ამან მას საშუალება მისცა ენახა, როგორ აპროექტებენ შენობებს, როგორ ამზადებენ კადრებს, ანაწილებენ თანამშრომლებს და თემატიკას ძველ და ახალ ინსტიტუტებს შორის. ნანახმა დიდი როლი შესრულა ანდრონიკაშვილის მომავალ საქმიანობაში. ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი იქცა ანდრონიკაშვილის სამეცნიერო სამუშაოების ორგანიზაციის ეტალონად.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ანდრონიკაშვილი ორი წელი მოსკოვის აეროჰიდროდინამიკის ცენტრალურ ინსტიტუტში საავიაციო მასალების გამოცდის განყოფილებაში მუშაობდა ინჟინრად. მას, როგორც ინსტიტუტის თითქმის ერთადერთ ფიზიკოსს, უხდებოდა კონსულტაციების ჩატარება სრულიად სხვადასხვა საკითხზე და ამან ძალიან გაუფართოვა თველთახედვა, გაუმდიდრა ცოდნა და განუვითარა საკითხების არსში ჩაწვდომის უნარი.

ანდრონიკაშვილს თავიდანვე აინტერესებდა გამოყენებითი ხასიათის ამოცანებიც. თანამშრომლობდა სხვადასხვა ლაბორატორიებთან, ამყარებდა კონტაქტებს ფიზიოლოგებთან, ქიმიკოსებთან, ინჟინრებთან, ექიმებთან, რადგან ამას მოითხოვდა კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა.

1934 წლის მუწურულს ანდრონიკაშვილი მუშაობას იწყებს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დოცენტის თანამდებობაზე. კითხულობს კურსებს ფიზიკის სპეციალობის სტუდენტებისა და ასპირანტებისათვის და ეწევა ინტენსიურ სამეცნიერო მუშაობას - ხელმძღვანელობს რენტგენოსტრუქტურული ანალიზის ლაბორატორიას. თავისი ენთუზიაზმით აღაფრთოვანებს ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებს, რომლებთანაც მეგობრობა არ უშლის ხელს იყოს მომთხოვნი. უკვე ამ პერიოდში ანდრონიკაშვილს ახასიათებდა მეცნიერისათვის ძვირფასი თვისება - სიახლის წინაშე შიშის უქონლობა.

1940 წლის იანვარში მუშაობას იწყებს მოსკოვის ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტში აკადემიკოს პეტრე კაპიცას ხელმძღვანელობით. თემას ირჩევს დაბალი ტემპერატურების ფიზიკიდან. ესაა ზეგამტარობა.

1941 წ. დიდი სამამულო ომის დაწყებასთანავე, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის კვლევითი ინსტიტუტები მოსკოვიდან ევაკუირებული იქნენ. ანდრონიკაშვილი ჯერ გაჰყვა კაპიცას ინსტიტუტს ყაზანში, შემდეგ კი დაბრუნდა თბილისში, სადაც დაძაბულად მუშაობდა ბიოფიზიკის თემებზე.

1945 წლის 1 იანვრიდან აკად. კაპიცას მიწვევით ანდრონიკაშვილი დაბრუნდა ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის დოქტორანტურაში. ის გატაცებით მუშაობს თხევადი ჰელიუმის ზედენადობის საკითხებზე. ამ ხანებში დაუახლოვდა ცნობილ ფიზიკოსებს ლ.ლანდაუს, ა.მიგდალს, ვ.პეშკოვს, ა.შალნიკოვს. ლანდაუსთან შემოქმედებითმა ურთიერთობამ ბევრად განსაზღვრა ურთიერთობის სტილი სხვა ფიზიკოსებთან, განსაკუთრებით თეორეტიკოსებთან, რომელთა გარეშე მუშაობა შემდგომ არ წარმოედგინა.

ანდრონიკაშვილმა კაპიცას ინსტიტუტში დაჰყო სამნახევარი წელი და დაასრულა სადოქტორო დისერტაცია "ზედენადობის ჰიდროდინამიკა", რომელიც წარმატებით დაიცვა 1948 წლის 30 ივნისს ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე.

ანდრონიკაშვილის შრომები დაბალი ტემპერატურების ფიზიკის დარგში კლასიკურადაა აღიარებული. 1952 წელს მათ ავტორს სხელმწიფო პრემია მიენიჭა. დისერტაციის ძირითადი შედეგები შეტანილია, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ გამოცემულ სახელმძღვანელოებსა და მონოგრაფიებში.

1948 წელს ანდრონიკაშვილი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ნიკოლოზ მუსხელიშვილის და თსუ-ს რექტორის ნიკო კეცხოველის მოთხოვნით დაუბრუნდა საქართველოს და ამ დროიდან იწყება მისი ფართო მოღვაწეობა, მას ევალება თბილისის უნივერსიტეტის ფიზიკა-ტექნიკის ფაკულტეტის სპეცლაბორატორიების მოწყობა. ახალი - ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრის ორგანიზება. სწავლების ახალი მეთოდების შემუშავება. მისი ხელმძღვანელობით და თანაავტორობით იწერება ორიგინალური სახემძღვანელო ლაბორატორიული სამუშაოებისათვის ზოგად ფიზიკაში. იწყება ახალგაზრდა მეცნიერეთა კადრების მზადება, სწრაფი ტემპით ტარდება უნივერსიტეტში სამეცნიერო ლაბორატორიების მოწყობა და სხვა.

1950 წლის შემოდგომაზე ანდრონიკაშვილი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტად. 1951 წელს იგი სათავეში ჩაუდგა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლადდაარსებულ ფიზიკის ინსტიტუტს. დაწყებული ამ პერიოდიდან ნათლად გამომჟღავნდა ანდრონიკაშვილის პროგრესულობა როგორც მეცნიერისა და ორგანიზატორის წინდახედულობა, მისი დიდი ენთუზიაზმი და ენერგია, კოლექტივის ხელმძღვანელობის უნარი, ფიზიკოსის მდიდარი ინტუიცია.

1955 წ. ელეფთერ ანდრონიკაშვილი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.

ანდრონიკაშვილმა სამეცნიერო მოღვაწეობა მყარი სხეულების ფიზიკაში დაიწყო. დოქტორანტურაში ყოფნისას დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში მუშაობდა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო კოსმოსური სხივების ფიზიკის დარგში, ამას მოითხოვდა ქართველ ფიზიკოსთა ინტერესები და ჩამოაყალიბა ამ მიმართულებით მომუშავე, შემდგომში სახელმოხვეჭილი კოლექტივი. თბილისში კრიოგენული ლაბორატორიის შექმნის შემდეგ დაუბრუნდა დაბალი ტემპერატურების ფიზიკას. ამ დარგშიც შექმნა ქართველ ფიზიკოსთა მსოფლიოში ცნობილი სკოლა. ამასთან ერთად ხელმძღვანელობდა ატომური რეაქტორის აგებას და მასთან დაკავშირებულ ზოგიერთ სამუშაოს ატომურ ტექნიკაში. რეაქტორის ამუშავების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მყარი სხეულების ფიზიკას, კერძოდ, რეაქტორის გამოსხივების დახმარებით მყარი სხეულების ფიზიკის მნიშვნელოვან პრობლემათა კვლევას. უფრო და უფრო მეტ დროს უთმობდა ბიოფიზიკას, რომელიც ბოლო წლებში მისი ყურადღების ცენტრში მოექცა და რომელშიც ამჟამადაც მუშაობს მის მიერ ჩამოყალიბებული კიდევ ერთი ცნობილი კოლექტივი.

ამ მრავალმხრივობის და მრავალფეროვნების საფუძველია ე.ანდრონიკაშვილის ღრმა რწმენა: ერის როლი თანამედროვე საზოგადიებაში განისაზღვრება მისი წვლილით კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებაში. ამიტომ საქართველოს ფიზიკოსებიც უნდა ცდილობდნენ შეძლებისდაგვარად ფართოდ მოიცვან მთელი კაცობრიობის წინაშე მდგარი სამეცნიერო ამოცანები, განავითარონ ფუნდამენტური გამოკვლევები და ერთდროულად ხელი შეუწყონ საქართველოში მეცნიერების სხვა დარგების, ტექნიკის და სახალხო მეურნეობის განვითარებას.

ე.ანდრონიკაშვილი 200-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორია (და ვინ იცის რამდენი წამომწყების მონაწილე, რომელთათვისაც ხელი არ მოუწერია). ცხადია, რომ მისი შრომისა და მოღვაწეობის მთლიანი მიმოხილვა ამ წერილში ვერ მოხერხდება. შევიზღუდებით ძირითადი შედეგების მოკლე ჩამოთვლით.

საკანდიდატო დისერტაციაში (1935 წ.) ანდრონიკაშვილი თერმოდინამიკური და სტატისტიკური მიდგომის საფუძველზე იხილავდა ფაზური გადასვლების მექანიზმს - მყარი ფაზის ჩანასახების შექმნას გამდნარ ლითონებში. "დისერტაციამ წამყვანი როლი შეასრულა ჩემს შემდგომ მუშაობაში" - აღნიშნავს ანდრონიკაშვილი. მართლაც, მსგავსმა მოსაზრებებმა განსაზღვრეს ე.ანდრონიკაშვილის შემდგომი შრომების თემატიკა და შინაარსი არა მარტო მყარი სხეულების ფიზკაში, არამედ ზედენადობის ფიზიკაშიც (გრიგალთა ჩანასახები), ბიოფიზიკაში (ფაზური გარდაქმნები ბიოპოლიმერების მოლეკულებში) და კიბოს პრობლემისადმი მის მიდგომაშიც კი.

მას ეკუთვნის კონცეფცია, რომლის თანახმად რადიაციის შედეგად გაჩენილი კრისტალური გისოსის წერტილოვანი დეფექტები "კონდენსირდებიან" დისლოკაციურ მარყუჟებში. ასეთი დასკვნები მიიღეს დღეისათვის სხვა მეცნიერებმაც.

ანდრონიკაშვილის უნარმა - დაენახა საერთო მეცნიერების სრულიად სხვადასხვა დარგებს შორის, იგი მიიყვანა ბიოფიზიკის დარგში კვლევასთან, რომელზეც კონცენტრირებული იყო ბოლო ხანებში მისი გამოცდილება და შეხედულებანი და რომელსაც იგი ავითარებდა მყარი სხეულის, დაბალი ტემპერატურებისა და ბირთვულ ფიზიკაში.

1945/46 წლებში ანდრონიკაშვილმა მეტად ფაქიზი ცდით დაასაბუთა ზედენადობის ლანდაუს თეორიის პარადოქსული დებულება: თხევად ჰელიუმს შეუძლია ერთდროულად შეასრულოს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორი მოძრაობა. "ანდრონიკაშვილის ექსპერიმენტი" აუცილებლად იხსენიება ზედენად ჰელიუმისადმი მიძღვნილ ყველა მონოგრაფიაში თუ მიმოხილვაში. მან შეისწავლა ჰელიუმის ნორმალური კომპონენტის სიმკვრივისა და სიბლანტის ტემპერატურული დამოკიდებულება, აღმოაჩინა, რომ ლანდაუს ვარაუდის საწინააღმდეგოდ, თხევად ჰელიუმის ზედენადი კომპონენტი მონაწილეობს ჭურჭლისა და ნორმალური კომპონენტის ბრუნვაში. ეს ცდა საფუძვლად დაედო ანდრონიკაშვილისა და მისი მოწაფეების შრომათა დიდ ციკლს, რომელშიც დადასტურდა ონსაგერ-ფეინმანის მიერ ზედენადი სითხის ბრუნვის ახსნა მასში გრიგლების წარმქმნით; დადგინდა ამ კვანტური გრიგლების მრავალი მახასიათებელი თვისება, კერძოდ, მბრუნავი თხევადი ჰელიუმის დრეკადი და ბლანტი თვისებების ანიზოტროპია, გამოწვეული გრიგლების განლაგებით ბრუნვის ღერძის გასწვრივ.

ანდრონიკაშვილმა თავის მოწაფეებთან ერთად პირველმა შეისწავლა კოსმოსური სხივების ნაწილაკებით გამოწვეული ურთიერთქმედების პროდუქტების განივი იმპულსები, რამაც შესაძლებლობა მისცა მათ დაესვათ საკითხი ელემენტარული ნაწილაკების შინაგანი სტრუქტურის არსებობის შესაძლებლობის შესახებ. ეს ფუნდამენტური შედეგები შევიდა რამდენიმე ენციკლოპედიური და მონოგრაფიული ხასიათის გამოცემებში.

ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით, ინსტიტუტის რეაქტორთან შეიქმნა მსოფლიოში პირველი ინდიუმ-გალიუმის რადიაციული კონტური - გამა სხივების მძლავრი წყარო. მისივე ხელმძღვანელობით შემუშავდა რეაქტორის ცივი მარყუჟები, რომლებშიც ხდება დაბალი ტემპერატურის მქონე ნიმუშების დასხივება. ამან ხელი შეუწყო ახალი მიმართულების - დაბალტემპერატურული რადიაციული მასალათმცოდნეობის ჩამოყალიბებას, რომელშიც ფიზიკის ინსტიტუტს წამყვანი როლი ეკუთვნოდა საბჭოთა კავშირში. ამის შედეგად დაინიშნა ელეფთერ ანდრონიკაშვილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მყარი სხეულების რადიაციული ფიზიკის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე.

ანდრონიკაშვილმა და მისმა მოწაფეებმა, მათ მიერ დამუშავებული კონცეფციის საფუძველზე, ჯერ კიდევ 1961 წელს აღმოაჩინეს ნეიტრონული დასხივების შედეგად ტუტე-ჰალოიდურ კრისტალებში დისლოკაციების წარმოქმნა. მექანიკურად დაძაბული კრისტალების დასხივების შედეგად შესაძლებელი აღმოჩნდა კრისტალის სიმყარის და პლასტიკურობის ერთდროულად გადიდება, რაც ჩვეულებრივ ურთიერთგამომრიცხავი ჩანს.

ნეიტრონებით დასხივების შემდეგ ნივთიერების მიერ გამოსხივებული გამა-რადიაციის გაზომვაზე დამყარებული მეთოდით დადგინდა ადამიანის ორგანიზმში მიკროელემენტების განაწილებისა და კონცენტრაციის ცვლილება, დაკავშირებული ამა თუ იმ პათოლოგიურ მოვლენასთან, კერძოდ, თუთიისა - კიბოს შემთხვევაში.

ანდრონიკაშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ფიზიკის ინსტიტუტში შეიქმნა უზუსტესი კალორიმეტრები, რამაც შესაძლებელი გახადა ბიომაკრომოლეკულების ფიზიკისადმი თერმოდინამიკური მიდგომის განხორციელება. შესწავლილ იქნა ცილების და ნუკლეინის მჟავების მოლეკულების კონფორმაციული გადასვლები, რომლებიც განიხილება როგორც ფაზური გადასვლები, აიგო მდგომარეობის სათანადო დიაგრამები, დადგინდა ე.წ. ბმული წყლის განსაკუთრებული როლი ბიომაკრომოლეკულების სტრუქტურასა და ცხოველმყოფელობაში; აღმოჩენილ იქნა სპირალისა და გორგლის მდგომარეობაში მყოფი ცილის სითბური თვისებების მნიშვნელოვანი განსხვავება დაბალ ტემპერატურაზე.

ელეფთერ ანდრონიკაშვილს 1978 წელს შრომათა ციკლისათვის მოეკულურ ბიოლოგიაში, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ორგზის საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტი დირექტორი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, 78 წლის ასკში გარდაიცვალა 1989 წლის 8 სექტემბერს, თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ამჟამად ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტი მისი დამაარსებლის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელს ატარებს.

წყარო: კრებულიდან "ფიზიკოსების შესახებ" –
ა.იშხნელი, ი.მამალაძე - ელეფთერ ანდრონიკაშვილი (ბიოგრაფია) –
თსუ-ს გამომცემლობა. 1980 წ.